вторник, 8 сентября 2015 г.

სკოლაში მასწავლებლის შტატზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი



დანართი#2

    

 მუხლი 1. რეგულირების სფერო
 ეს წესი არეგულირებს სკოლაში მასწავლებლის   შტატზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამართული კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაზღვრავს დასაკავებელი ვაკანტური ადგილის  მოთხოვნებთან  კანდიდატის  შესაბამისობის დადგენის პროცედურებს.
   მუხლი 2. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური ადგილის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანებია კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებ­ლობების, პიროვნული თვისებების შეფასება და ვაკანტური ადგილის მოთხოვნებ­თან შესაბამისობის განსაზღვრა;
   მუხლი 3. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა _ კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმი­ნაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმი­საწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
დ) კოლეგიალურობა – კონკურსი  უნდა ჩაატარდეს და ვაკანტური ადგილის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერევა უნდა განხორციელდეს საკონკურსო კომისიის მიერ;
ე) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო კომისია უნდა იყოს კეთილ­განწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
 
 მუხლი 4. კონკურსის გამოცხადება
1. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სკოლის მიერ ღია კონკურსის გამოცხადება საინფორმაციო გვერდზე მასწავლებლის პროფესიული სახლის tpdc გვერდზე კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 5-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან.
2. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს  სკოლა.
3. კონკურსის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)  სკოლისა  და კონკურსის წესით დასაკავებელი ვაკანტური ადგილის დასახელება;
ბ)  კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ)  შესასრულებელი სამუშაო;
დ) ანაზღაურების ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ) სკოლის  საკონკურსო კომისიის მისამართი (სკოლის მისამართი).
4. საკონკურსო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 5 დღისა.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  ყველა კანდიდატს ვინც აკმაყოფილებს მოცემულ პირობებს
 
მუხლი 5. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება სკოლის  საკონკურსო კომისიის მისამართზე,  აგრეთვე ელექტრონული საშუალებებით.
 2. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  2.1.      წერილობითი განცხადება;
  2.2       პირადობის მოწმობის ასლი;
  2.3       ავტობიოგრაფია/ cv.
  2.4 განათლების ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი/ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

 2.5 ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის  შემთხვევში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.


   მუხლი 6. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს სკოლის შესაბამისი საკონკურსო კომისია, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.
2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები.
3. კომისია დაკომპლექტებულია სკოლის თანამშრომლებით
4. საკონკურსო კომისიას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ბრძანებით  ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
5. კანდიდატს  კომისია შეარჩევს გასაუბრების გზით. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პი­რობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სკოლის საკონკურსო კომისია სკოლის დირექტორთან შეთანხმებით.


  მუხლი 7. საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და კონკურსის შედეგები
1. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრ­თა ხმების  უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3.  კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. კომისია გასაუბრების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს.
5. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
6.  კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
7. კონკურსის შედეგების მიხედვით, სკოლის საკონკურსო კომისია თითოეულ ვაკანტურ ადგილზე სკოლის დირექტორს დასანიშნად წარდგენს ერთ კანდიდატს, რომელთანაც სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
8. კომისიის თავმჯდომარე ან სხვა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანებს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
9. თუ კომისიამ უარი განაცხადა ვაკანტურ ადგილზე დასანიშნად კანდიდა­ტის წარდგენაზე ან ამ ვაკანტურ ადგილზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, კონკურსი ითვლება ჩაშლილად.


   მუხლი 8. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურულ დარღვევებთან  დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.  საპრეტენზიო კომისი შედგება 3 წევრისაგან.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმ­ჯდომარის მოადგილე და წევრი. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის წევრი.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების  უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვე­ვაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს საკონკურსო კომისიის მიერ  საკონკურსო სხდომის გამართვიდან ერთი დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
  მუხლი 9. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კანდიდატის მიერ კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Комментариев нет:

Отправить комментарий